#Human Rights
Target:
Patriarchate of Georgia
Region:
Georgia

ღია წერილი დაიწერა 2012 წლის 29 აპრილის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საკვირაო ქადაგებასთან დაკავშირებით, რომელშიც პატრიარქი მიმართავს ქალებს და ოჯახში მათ როლსა და ფუნქციაზე საუბრობს.

ამ წერილს ვაწერთ ხელს და შეშფოთებას გამოვთქვამთ 2012 წლის 29 აპრილის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საკვირაო ქადაგებასთან დაკავშირებით, რომელშიც პატრიარქი მიმართავს ქალებს და ოჯახში მათ როლსა და ფუნქციაზე საუბრობს.

პატრიარქი თავის საკვირაო ქადაგებაში მსჯელობს ოჯახში გენდერული თანასწორობის საკითხზე და აღნიშნავს, რომ “ეხლა მიღებულია ასეთი ტერმინი, რომ თანასწორია ცოლი და ქმარი. საღვთო წერილი ამბობს, რომ ოჯახის მეთაური არის ქმარი. ოჯახი, ეს არის ერთი სხეული და არ შეიძლება, რომ ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია”. აღსანიშნავია, რომ მეუღლეთა თანასწორობა არის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაცული სიკეთე. კონსტიტუციის 36-ე მუხლი ადგენს, რომ “ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.” ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 16-ე მუხლი, კი აცხადებს, რომ მეუღლეები “თანასწორი უფლებებით სარგებლობენ დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში”. შესაბამისად ცოლ-ქმრის თანასწორობა არა უბრალოდ ‘მიღებული ტერმინია’, არამედ არის ის უზენაესი ღირებულება, რომელიც მთელი კაცობრიობის მონაპოვარია. ქალისა და მამაკაცის, ცოლისა და ქმრის თანასწორობის უარყოფა არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს. ყველა ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირი, ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის ხელშეუვალ უფლებას იყოს თანასწორი და თავისუფალი მიუხედავად სქესისა, რელიგიური მრწამსისა, ეთნიკური წარმომავლობისა და ა.შ. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაზეც. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებულ საქართველოს საკონსტიტუციო შეთანხმების პირველი მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით ეკლესია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ვალდებულებას იღებს თავისი საქმიანობა წარმართოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეისობით საქართველოში ქალებს განსაკუთრებით რთულ სოციალურ და ეკონომიკურ გარემოში უწევთ ცხოვრება, სადაც ისინი არა მხოლოდ სახლის საქმეებსა და ბავშვებისა თუ მოხუცების მოვლას უმკლავდებიან ერთპიროვნულად, არამედ ხშირად უწევთ მუშაობა სახლის გარეთაც საკუთარი თავისა და ოჯახის სარჩენად. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება საქართველოში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემაშფოთებელი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ყოველი მეთერთმეტე ქალი, რომელსაც მეუღლე/პარტნიორი ჰყავს, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, ხოლო ყოველი მესამე ქალი საქართველოში აღნიშნავს, რომ ერთხელ მაინც გამხდარა სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხევრპლი მამაკაცისგან. ამ ფონზე, პატრიარქის მიერ ქალებისთვის მორჩილების, დაქვემდებარების და თავგანწირვისაკენ მოწოდება, აღრმავებს ქალთა წინააღმდეგ ასრებულ დისკრიმინაციას და უფრო მეტიც, ქმნის ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ჩაგვრის ლეგიტიმაციის საფრთხეს.

სამწუხაროა, რომ ოჯახურ სიყვარულსა და პატივისცემაზე საუბრისას, ამ კონკრეტულ ქადაგებაში, პატრიარქი არ აღნიშნავს, რომ ადამიანთა ჰარმონიული თანაცხოვრება ორმხრივ სიყვარულს, პატივისცემასა და ზრუნვას ეფუძნება და არა ცალმხრივ თავგანწირვას. პატრიაქი ქადაგებაში ამბობს: „მაგალითად, როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს“. ამგვარად ქალის ვალდებულებების ჩამონათვალი უსაშველოდ იზრდება, მაშინ როცა კაცის/ქმრის მოვალეობებზე და პასუხისმგებლობაზე არც ერთი სიტყვა არ ითქმის. ასეთი დამოკიდებულება აღრმავებს ოჯახში და მის გარეთ ქალთა დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნას და უფრო ამძიმებს ქალთა მდგომარეობას საქართველოში.

ეკლესია და პატრიარქი დღეს საქართველოში განსაკუთებული ავტორიტეტით სარგებლობს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა და ისეთი ფუნდამენტური ღირებულების დაცვა, როგორიცაა ადამიანთა თანასწორობა და ძალადობისა და ჩაგვრისაგან თავისუფლება.

GoPetition respects your privacy.

The ღია წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს petition to Patriarchate of Georgia was written by Group and is in the category Human Rights at GoPetition.

Petition Tags

petition georgia patriarch