| Home | Bookmark | Tell | Active petitions in over 75 countries | Follow GoPetition |
Save Digomi Forest
Petition Background (Preamble):
გადავარჩინოთ დიღმის ტყე-პარკი!
პრეამბულა:
თბილისში გამწვანების ზოლების, ბაღების, პარკებისა და სკვერების რაოდენობა ბოლო წლებში კატასტროფულად შემცირდა.
http://www.digomiforest.safespace-tbilisi.com/
Petition:
2009 წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულომ თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და რეკრეაციული ზონების საკმაოდ გრძელი სია საზოგადოებრივ-საქმიან და საცხოვრებელ ზონებად შეიცვალა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონად იქცა დიღმის ტყე-პარკიც, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და უნიკალური ფლორით გამოირჩევა.
1934 წ. - თბილისის საბაზისო სანერგისთვის 75 ჰექტარი ტერიტორია გამოიყო (დღეისათვის ამ ტერიტორიიდან მხოლოდ 20,5 ჰექტარია დარჩენილი).
1995 წ. - თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 12.46.512 დადგენილებით, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი კულტურისა და დასვენების პარკის მოსაწყობად შპს “სანს” დაუმაგრდა.
1997 წ. - დიღმის მრავალფუნქციური პარკის გენერალური გეგმა თბილისის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმდა. ამ გეგმის მიხედვით, პარკის ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ცენტრი, ატრაქციონები, საბავშვო მაღაზიები, კორტები, მოზარდთა კლუბები, საცურაო აუზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და სხვა ობიექტები უნდა აშენებულიყო.
1998 წ. 17 ივლისი _ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება გამწვანების ზოლების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ. ამ დადგენილებით საგანგებოდ აიკრძალა ტერიტორიების გასხვისება გამწვანების ზოლების საზღვრებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე.
1999 წ. 6 იანვარი - მიწის მართვის დეპარტამენტმა დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია შპს “სანს” საკუთრებაში უპირობოდ გადასცა და ამ უკანასკნელმაც მისი ნაწილ-ნაწილ გასხვისება დაიწყო. თვითნებურად დაეპატრონენ ტყე-პარკის ტერიტორიაზე არსებულ მოსწავლე-ახალგაზრდობის მიტოვებულ შენობასაც. საქართველოს სამხედრო გზის მხრიდან პარკის ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურები, სამრეცხაოები, მაღაზიები, სასადილო და ავტოფარეხი აშენდა.
2003 წ. 5 ივნისი - თბილისის საკრებულოს დადგენილებით, მიწის მართვის დეპარტამენტს და საჯარო რეესტრს ტყე-პარკის ტერიტორიის მიწის ნაკვეთებზე საჭირო დოკუმენტაციის გაცემა და მათი საჯარო რეესტრში გატარება აეკრძალათ.
2006 წ. 31 მარტი - თბილისის საკრებულოს დადგენილებით, ტყე-პარკის ტერიტორიას განესაზღვრა სტატუსი და საზღვრები. თუმცა, ისევ ღიად დარჩა ერთ-ერთი საკვანძო _ უკანონო მესაკუთრეების პრობლემა.
2007 წ. 28 თებერვალი - ქალაქ თბილისის საკრებულოს #16 გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მთავრობას დაევალა `დიღმის ტყე-პარკში დადგენილ საზღვრებში 20,5 ჰა ფართობზე მწვანე საფარის შესანარჩუნებლად და აღსადგენად ლანდშაფტის გეგმის შემუშავება და ამ მიზნით დენდრო-პროექტის მომზადება; საირიგაციო და სანიაღვრე სისტემის გეგმის შემუშავება და მოწყობა”.
2007-2009 წწ. - ტყე-პარკის მოვლისა და რეაბილიტაციისთვის დაფინანსდა მნიშვნელოვანი სამუშაოები.
2009 წწ. - დამტკიცდა ქალაქის გენერალური გეგმა, რომლითაც ტერიტორია განისაზღვრა, როგორც სარეკრიაციო ზონა # 1 ფართობი 20,5ჰ
2009 წ. 15 ივლისი - დიღმის მოსახლეობამ ქალაქ თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართა და დიღმის ტყე-პარკის შენარჩუნება მოითხოვა. წერილს ხელს დიღმის 200 მაცხოვრებელი აწერდა.
2009 წ. 11 სექტემბერი _ თბილისის საკრებულომ, თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ტყე-პარკის სტატუსის შეცვლის შესახებ. სარეკრეაციო ზონა საზოგადოებრივ-საქმიან ზონად გადააკეთეს. იგივე ბედი ეწია თბილისის 20-ზე მეტ სარეკრეაციო ზონას, სადაც ახლო ხანში განაშენიანების პროექტები განხორციელდება.
პეტიცია:
ესთეტიკური და ეკოლოგიური მნიშვნელობის გარდა, დიღმის ტყე-პარკი უნიკალურია ფლორის შემადგენლობითაც. 7 000 ძირი მცენარე, რომელზეც პასპორტია გახსნილი, 14 დაცულ სახეობას მოიცავს. იზრდება და უკვე ბუნებრივ პოპულაციებს იძლევა საქართველოს ბიომრავალფეროვნების ისეთი ეტალონური და ფლაგმანი მერქნიანი მცენარეები, როგორიცაა: ძელქვა, ჭალის მუხა, ბიჭვინთის ფიჭვი, თელა, კაკალი, ხვალო, ჭყორი და მრავალი სხვა. ამ სახეობებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კრიტერიუმებით, დაცვის საერთაშორისო სტატუსი აქვს მინიჭებული. მათი უმრავლესობა 2006
წლიდან საქართველოს `წითელ ნუსხაშია~ შეტანილი.
2006 წელს ქ. თბილისის მერიის ურბანული სამსახურის დაკვეთით ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს დიღმის ტყე-პარკში აღმოჩნდა 150 წელს გადაცილებული უნიკალური ხეები, რასაც თბილისისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ბევრი მათგანი სწორედ მიტაცებული ტერიტორიების სიახლოვესაა და გახმობის რეალური საფრთხე ემუქრება.
დიღმის ტყე-პარკი სერიოზული საფრთხის წინაშეა. არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი რეალობა. ერთი მხრივ, არ არის გადაწყვეტილი ტყე-პარკის უკანონოდ მიტაცებული მიწების ქალაქისთვის დაბრუნების საკითხი. მეორე მხრივ, ტყე-პარკის მოვლისთვის ხელისუფლება წლიდან წლამდე მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულია მასშტაბური სამუშაოები: პასპორტიზაცია, ინვენტარიზაცია, ნიადაგის გამოკვლევა, სამი წლის მანძილზე ხეებს სხლავენ და წამლიან, ტყე-პარკის მომავლის საკითხი კვლავ არ არის გადაწყვეტილი.
რეკრეაციული ზონის მთელი ტერიტორია დაყოფილია კერძო ნაკვეთებად და ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, მუდმივი ვაჭრობის საგნად რჩება. პრობლემას ტყე-პარკში შექმნილი მძიმე სანიტარული, ეკოლოგიური და სტრუქტურულ-ფუნქციონალური მდგომარეობაც ამძიმებს.
მომატებულია მერქნიან მცენარეთა ხმობის ფაქტები. მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დასკვნით, ამის მიზეზი სარწყავი და სანიაღვრე სისტემის გაუმართავობაა. დაუმთავრებელი სარწყავი სისტემის არხები წვიმისა და კომუნალური წყლით ივსება და ფაქტობრივად, აღარც შრება.
ტყე-პარკის ტერიტორიაზე შემოჭრილი ობიექტები თხრიან ორმოებს და კომუნალურ წლებს ნიადაგში უშვებენ. შედეგად, ნავთობპროდუქტებით და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი ყოველდღიურად ჩაედინება ტყე-პარკის ტერიტორიაზე, რაც ნიადაგის დაბინძურება-დაჭაობებას იწვევს და საუკუნოვან ხეებზე სავალალოდ მოქმედებს.
აღნიშნული ობიექტები მუდმივად ითხოვენ საზღვრების გამიჯვნას და მშენებლობის უფლებას, ცდილობენ შემოღობილი ტერიტორიების გაფართოვებას და ტყე-პარკის ნაწილის მითვისებას.
ზემოაღნიშნულისა და საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, მივმართავთ ქალაქ თბილისის საკრებულოს და მერიას, უმოკლეს ვადაში გამოიყენოს კანონით მინიჭებული ყველა უფება - აღუდგინოს დიღმის ტყე-პარკის მთელ ტერიტორიას სარეკრიაციო ზონის #1 სტატუსი, რითაც საბოლოოდ წერტილი დაესმება ამ ტერიტორიების გასხვისება-მიტაცების საკითხს, დაიწყება ტყე-პარკის რეაბილიტაცია, დედაქალაქს შეუნარჩუნდება მრავალწლიანი, უნიკალური “მწვანე ფილტვები,” რომელიც ათასობით თბილისელის დასვენებისა და ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს უტყუარი გარანტია.
“უსაფრთხო სივრცე“ - ანა გაბრიაძე
„კავკასიური სახლი“ - ნაირა გელაშვილი
„ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - თამარ ჩუგოშვილი
„მწვანე ალტერნატივა“ - მანანა ქოჩლაძე
სტუდია „მონიტორი“ - ნანა ბიგანიშვილი
CENN - ნანა ჯანაშია
„საზოგადოებრივი დამცველი“ - ირინა ფუტკარაძე
„ჯანმრთელი სამყარო“ - ზურა ფუტკარაძე
P.S. ვინც ეთანხმება პეტიციას, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და მიუთოთოთ ორგანიზაციის დასახელება და ხელმოწერით დაგვიასტუროთ.
The Save Digomi Forest petition to Safe Space was written by Safe Space and is in the category Environment at GoPetition. Contact author here. Petition tags: თბილისი, ეკოლოგია, გამწვანება, პარკები



