#Religion
Target:
ძვირფასო თანამემამულენო!
Region:
Georgia


ძვირფასო თანამემამულენო!

საქართველოს და ქართველ ხალხს ერთი პატრონი ჰყავს - უფალი ჩვენი, იესო ქრისტე. სხვა პატრონი არც როდის გვყოლია. როდესაც ერი და ბერი ქრისტესა და მისი ეკლესიის ერთგული იყო, მაშინ ღმრთის წყალობა ციურ მანანასავით ათოვდა საქართველოს: ასე იშვა "ძლევაი საკვირველი", ასე განივრცო ივერია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. მაგრამ როდესაც ქრისტეს ვეცრუებოდით, უშჯულოება და გარყვნილება მოეძალებოდა ერს, და, განსაკუთრებით, ბერს, მაშინ ღმრთის რისხვაც არ აყოვნებდა, - საქართველო კნინდებოდა, ეცემოდა, ცოტავდებოდა, უპატიურდებოდა და ერი გმინვას მიეცემოდა. დღეს საქართველო დამცრობილია ისე, როგორც არასდროს. დღეს, როგორც არასდროს, ეძებს ქართველი ადამიანი სასოებას, მზადაა ეკლესიის გარშემო გაერთიანდეს, მაგრამ ის უზნეობა, რაც ეკლესიაში დაბუდებულა, მას აბრკოლებს და უკუაგდებს ღმრთის სახლიდან. ამიტომ სულ უფრო ცხადი ხდება, რომ თუ პირველ რიგში ეკლესია არ განიწმინდა უკეთურებისაგან, უზნეობისაგან, ღალატისაგან, ისე ერი ვერ განიწმინდება, ვერ შეუდგება ღმრთის ცნებებით ცხოვრებას, ვერ დაუდგება ქვეყანასა და ეკლესიას გვერდში.

მოგიწოდებთ ყველას, რათა მივმართოთ ეკლესიას, უწმინდესს, წმინდა სინოდს; უწმინდესო, განწმინდე ეკლესია. ჩვენ, მართლმადიდებელ ერს, ეკლესიის მრევლს, გვაქვს არამცთუ თხოვნის, არამედ მოთხოვნის უფლებაც, რათა დაცულ იქნეს ეკლესიის სიწმინდე. მეტიც, - მოვალენი ვართ ვიზრუნოთ ეკლესიის სიწმინდისათვის - როგორც სწავლების, ისე ზნეობრიობის თვალსაზრისით.

გთავაზობთ მიმართვას ეკლესიისადმი და გთხოვთ ხელი მოაწეროთ მას. ხელმომწერი თავისი ხელმოწერით უკვე ადასტურებს იმას, რომ იგი მზადაა ეკლესიის გარშემო გაერთიანდეს, რომ იგი ხსნას ეკლესიის სიწმინდეში და მის სულიერ წინამძღოლობაში ხედავს.
ხმა ერისა - ხმა ღმრთისა!


უწმინდესსა და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
ილია II,
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს

წმ. გრიგოლ დიოლოღოსი ამბობს, რომ მონასტრების, ბერ-მონაზვნების ლოცვა-ვედრებით ღმერთი იწყალებს და არა სჯის კაცობრიობასა და მთელ ერებს. მაგრამ პირიქითაც არის, - ბერ-მონაზვნების მოჭარბებული უღირსება ასევე დიდ და თანაზომად ღვთის რისხვას იწვევს. ამიტომ, თუ ქვეყანასა და ეკლესიაში მომრავლდა მონასტრები და ტაძრები, სადაც მძლავრობს უზნეობა და გარყვნილება, მომრავლდნენ უღირსი, უზნეო სასულიერო პირები, განსაკუთრებით კი - ბერ-მონაზვნები, და მომრავლდა მათი უზნეო საქმეები - ღრეობა, ლოთობა, სიძვა-მრუშობა, სოდომ-გომორისეული ცოდვა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ვერცხლისმოყვარეობა, ნარკომანია და სხვა, მაშინ ღმერთი სასტიკად დასჯის ამ ქვეყანას, მის ერსა და მის ადგილობრივ ეკლესიას. ჩვენს ქვეყანაზე დატეხილი ბოლოდროინდელი უბედურებებისა და განსაცდელების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ჩვენ სასულიერო პირთა უღირსებასაც მივიჩნევთ.

საქარველოში ბერული და სამონასტრო ცხოვრება დაკნინების შემდეგ კვლავ იწყებს გამრავლებას, მაგრამ სიმრავლეში როდია ხსნა. პირიქით, თუკი ბერ-მონაზვნობა და სამონასტრო ცხოვრება სწორ, ეკლესიოლოგიურ, დედა ეკლესიის მიერ ათეულ საუკუნეთა მანძილზე დაგროვილი გამოცდილების, ჩამოყალიბებული წესისა და წმიდა გადმოცემის საფუძველზე არ აეწყო და არ განვითარდა, ეს სიმრავლე შეიძლება დიდ უბედურებად ექცეს ჩვენს ეკლესიასა და მთელ ერს. ჩვენ ვამბობთ და ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს ეკლესიას არასდროს მიუღია "უცხო რამ თესლი სარწმუნოებისა" (წმ. მეფე დავით აღმაშენებელი), არა ეცრუვნა ჩვენს სიქადულს, ჭეშმარიტად კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასა და მართლმადიდებლობას (რუის-ურბნისის ძეგლის წერა), მაგრამ მწვალებლობას გადარჩენილი თუკი უზნეობის მორევში დაიღუპება, ეს რა შეღავათია? ზღვის სიღრმეში დაინთქმება თუ ზღვის ნაპირზე, კოჭებამდე წყალში დაიღრჩვება, შედეგი ერთია - მკვდარია.

გულის ტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში მეტად მომრავლდა უღირსი სამღვდელოება და ბერ-მონაზვნობა, იმდენად, რომ მთელი ქვეყანა ლაპარაკობს ამაზე. მრავალმა იცის, თუ რომელ ეპისკოპოს ყავს ცოლი და რამდენი, რომელმა მღვდელმთავარმა აცდუნა ან გააუპატიურია მონაზონი თუ მრევლის წარმომადგენელი, ვინ დადის იარაღასხმული და არცთუ იშვიათად ემუქრება ამ აირაღით უბრალო მოქალაქეებს, რომელ მონასტერშია მოძალებული ქეიფი და ლოთობა, სად - სიძვა-მრუშობა, სად მამათმავლობა, რომელი სასულიერი პირია ნარკომანი, ვინ ნარკოტიკის გამსაღებელი. აბა, როგორი საცქერია ყველასათვის ცნობილი მამათმავალი, წარბებდაქნილი მღვდელი? მრავალი ეკლესია, მათ შორის - ცენტრალური, იქცა ფულის გამოძალვის ადგილად, მრავალი სამღვდელო პირი წესის შესრულებისათვის საკმაოდ მაღალი ნიხრით დადგენილ გასამრჯელოს ითხოვს, და გაჩაღებულია ტაძრებში მოურიდებელი ვაჭრობა და აღებ-მიცემობა. ასეთი ვაჭრობის დროს არც თუ იშვიათად მოგვისმენია საკურთხევლიდან დედის გინება და გაწევ-გამოწევის ხმა.

სასულიერო პირების უზნეობას ორმაგი უბედურება მოაქვს: გვაშორებს ღმრთის მოწყალებას, თავს გვატეხს განსაცდელებსა და ათას უბედურებას, და, ასევე, აბრკოლებს ხალხს, აფერხებს ჩვენი მოქალაქეების ეკლესიაში მოსვლას, რომლებიც, ხშირად, გარეგნულად მოწესრიგებული მწვალებლისა თუ სექტანტის მსხვერპლი ხდება. ასეც ხომ ყოფილა, რომ მრუშობაზე წასწრებული მემრუშე სასულიერო პირი, თავის სიძვის მეგობართან ერთად, ფეხქვეშ გაუგდია მოსახლეობას, ხმაურიც აუტეხია ასეთი სამღვდელოების არსებობით აღშფოთებულს, მაგრამ ეს საქმეც "ჩაფარცხულა". ჰოდა, ხალხი დაბრკოლებულია, მრავალი უკვე ღიად აძაგებს სამღვდელოებას.

არის კიდევ ერთი მეტად საშიში საფრთხე, რომელსაც ჩვენი ეკლესიის მტრები იყენებენ. უზნეო და ვერცხლისმოყვარე სასულიერო პირი ეკლესიის მტრების ხელში ხდება ეკლესიასთან ბრძოლის აქტიური თუ პასიური იარაღი. ასეთი შეტევები ეკლესიაზე იყო და კვლავაც იქნება. თუკი ამ უზნეოთა აქტიური ქმედება ეფექტური არ იქნა, მაშინ ისინი იქცევიან პასიურ იარაღად - მათ უზნეობას ეკლესიის მტრები გამოიყენებენ ეკლესიის დისკრედიტაციისათვის. ამის ნიშნებიც უკვე არის.

ნათქვამია, კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო. როდემდე უნდა ვმალოთ ეს უბედურება და ვაფაროთ ეკლესიის ავტორიტეტული კალთა უღირსებს, მაშინ როდესაც ამ კალთის ქვეშ იმდენად მომრავლდნენ უღირსნი, რომ კალთა ვეღარა წვდება მათ და ამ გაწევა-გადაფარებაში, ლამისაა, ეს ჯერ კიდევ დაურღვეველი კალთა შემოგვეფხრიწოს? იქნებ დაიწყოს ეკლესიამ ასეთი სასულიერო პირების მხილება? ჩვენ არ ვითხოვთ ამ ეტაპზე ხმაურიან დასჯებსა და განკვეთებს, რუის-ურბნისის კრების სადარ ქმედებას. ჩვენ გთხოვთ, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც უხმაუროდ გამოიძიებს უზნეობის ფაქტებსა და გამოავლენს მათ მოქმედ სასულიერო პირებს, ამის მერე მამა-შვილურად შეაგონებს მათ და მკაცრადაც გააფრთხილებს, რომ თავი ანებონ უღირსებას, რათა თავიანთი ქმედებით არ წარიწყმიდონ საკუთარი სული და, მეორეც, ჩრდილი არ მიაყენონ ეკლესიას.

თუკი მოვლენები ამგვარად არ წარიმართა და უზნეობამ საშიშ ზღვარს მიაღწია, რომლის შემდეგაც რღვევის შეუქცევადი პროცესები იწყება, მაშინ უკვე ეკლესიის მოყვარე მართლმადიდებელი ერი, - ეკლესიის სინდისი, როგორც მას დედა ეკლესიის პატრიარქები უწოდებენ (1848წ. 6 მაისის ეპისტოლე, პ.17), - აღიმაღლებს ხმას უღირსთა წინააღმდეგ და საკადრის პასუხს გასცემს ეკლესიაში მოკალათებულ თუ მის გარეთ მყოფ მტრებს.

ეკლესიის მრავალრიცხოვანი მევლის სახელით

GoPetition respects your privacy.

The უწმინდესს და წმინდა სინოდს petition to ძვირფასო თანამემამულენო! was written by Anonymous and is in the category Religion at GoPetition.