#Sports
Target:
ლევან ყიფიანი
Region:
Georgia
Website:
www.georidersmtb.com

ცხოვრების ჯანმრთელი წესის წახალისებას, ახალგაზრდა თაობის ჯანსაღად აღზრდასა და მოსახლეობის აქტიურად ჩაბმას მასობრივ სპორტში არასათანადო ყურადღება ექცევა. თუმცა, მინიმალური ინვესტიციებია საჭირო იმისთვის, რომ ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს.

ბატონო ლევან,

როგორც მოგეხსენებათ, მოსახლეობის ჩართულობა მასობრივ სპორტში ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია. სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ამ მხრივ სერიოზული ჩავარდნაა. ისეთი ქვეყნებისგან განსხვავებით როგორებიცაა, ჰოლანდია, გერმანია, ესპანეთი, საქართველოში მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილია ფიზიკური მომზადებით დაკავებული. ცხოვრების ჯანმრთელი წესის წახალისებას, ახალგაზრდა თაობის ჯანსაღად აღზრდასა და მოსახლეობის აქტიურად ჩაბმას მასობრივ სპორტში არასათანადო ყურადღება ექცევა. თუმცა, მინიმალური ინვესტიციებია საჭირო იმისთვის, რომ ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს.

ჩვენ წარმოვადგენთ ველომოყვარულთა გაერთიანებას, რომელიც 3 წლის წინ დაფუძნდა და დღესდღეობით 1500 აქტიურ წევრს ითვლის. აღსანიშნავია, რომ სამოყვარულო ველოსპორტი უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში და თუ დააკვირდებით დილაობით თუ უქმე დღეებზე, ასობით ველომოყვარული აქტიურად არის დაკავებული სპორტის ამ სახეობით.

სამოყვარულო ველოსპორტის პოპულარიზაცია ძალიან მარტივია. აუცილებელია, მცირე ინვესტიცია ველოინფრასტრუქტურაში - ბილიკებისა და საგზაო მანიშნებლების მოსაწყობად - და მოსახლეობის ჩართულობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზრდება. საქართველოს ხელსაყრელი სატრანზიტო მდებარეობა, ლანდშაფტების მრავალფეროვნება, სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო გზის სიმრავლე, მაღალი რეკრეაციული ღირებულება და კომფორტული კლიმატური გარემო - ყველა ის პირობაა რაც, გარკვეული ხელშეწყობის შემთხვევაში განავითარებს სამოყვარულო ველოსპორტს.

საქართველოში სამოყვარულო ველოსპორტის განვითარებასა და მის პოპულარიზაციას პირველ ეტაპზე საჩვენებელი და სადემონსტრაციო ტერიტორიების შერჩევა და მინიმალური ღირებულების საერთაშორისო სტანდარტების მქონე ველობილიკების მოწყობა სჭირდება. ჩვენ არ ვითხოვთ სპეციალური ველოტრასების ხელახლა აშენებას. საუბარია, მხოლოდ და მხოლოდ უკვე არსებულ ბილიკების (მაგ. კუს ტბის მიმართულებით, რომელიც მთაწმინდისკენ და წყნეთისკენ გადადის) რამდენიმე ადგილზე სერპანტინების მოწყობასა და საგზაო მანიშნებლების დადგმაზე.

მოგმართავთ თხოვნით, მოეწყოს ველობილიკები და მოხდეს მათი მარკირება.

პატივისცემით,

ველომოყვარულები

GoPetition respects your privacy.

The საქართველოში სამოყვარულო ველოსპორტის განვითარების მხარდამჭერი პეტიცია petition to ლევან ყიფიანი was written by Georiders and is in the category Sports at GoPetition.