#Education
Target:
პეტიცია
Region:
Georgia

მომავალი თაობის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გამოვთქვავთ შეშფოთებას და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით ვითხოვთ ქმედით ნაბიჯებს 2016/17 სასწავლო წლისათვის.

საქართველოს პრეზიდენტს - გიორგი მარგველაშვილს
საქართველოს პრემიერ მინისტრს - გიორგი კვირიკაშვილს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს - თამარ სანიკიძეს

მძიმე სასკოლო სახელმძღვანელო და ჩანთა ვნებს ბავშვის ჯანმრთელობას!

სასწავლო წლის დაწყებიდან, კვირაში 5 დღე ბავშვებს სკოლაში უწევთ თავის წონასთან შედარებით გაცილებით მძიმე ტვირთის ტარება, რაც მათ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ტანადობის დარღვევა, სქოლიოზი, გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვა, რომელთა მკურნალობა ხშირ შემთხვევაში რთულია, კომპლექსურია და საჭიროებს არაერთ წელიწადს.
ექიმების მოსაზრებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საერთოდ არ უნდა ატარონ სასკოლო სახელმძღვანელოები და სკოლამ უნდა უზრუნველყოს ისინი შესაბამისი შესანახი კარადებით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება სასკოლო სახელმძღვანელოების სიმძიმის საკითხი. სასკოლო წიგნებთან დაკავშირებით სამინისტროში ფუნქციონირებს გრიფირების სამმართელო. სახელმძღვანელო სკოლაში შეტანამდე უნდა აკმაყოფილებდეს შეფასებისა და გრიფის მინიჭების კრიტერიუმებს. განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სახელმძღვანელოს შეფასება ხორციელდება სპეციალური კრიტერიუმებით დარგის სპეციალისტების მიერ, თუმცა სამწუხაროდ სახელმძღვანელოები, მხოლოდ დიზაინითა და შინაარსის მიხედვით ფასდება. წიგნი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის დისკრიმინაციულ ელემენტს (ეროვნება, სარწმუნოება, ეთნიკური, ენა, სოციალური კუთვნილება და სხვ.). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეფასების კრიტერიუმებში არაფერი წერია თითოეული სახელმძღვანელოს წონის შესახებ. ასევე, არ არის განსაზღვრული მოსწავლეთა ასაკის მიხედვით სასკოლო კომპლექტისა თუ სასკოლო ჩანთის დასაშვები სიმძიმე.

დღეისათვის, სკოლის მოსწავლის წიგნებიანი ჩანთა 4-დან 9-10 კილოგრამს იწონის, რაც დაუშვებელია!

არაერთ ქვეყანაში არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მოსწავლის ყოველდღიური სასკოლო სახელმძღვანელოების და რვეულების წონა საკანცელარიო ნივთებთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს:
 1-2 კლასში - 1.5 კილოგრამს;
 3-4 კლასში - 2 კილოგრამს;
 5-6 კლასში - 2.5 კილოგრამს;
 7-8 კლასში - 3.5 კილოგრამს;
 9-12 კლასში - 4 კილოგრამს.
ამავდროულად ზუსტად არის განსაზღვრული სასკოლო ჩანთის სახეობა და წონა. ამერიკის ბევრ შტატში მოქმედებს კანონი ,,სასკოლო ჩანთებით ტანადობის დარღვევის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს სოლიდურ ჯარიმებს მშობლებზე და სკოლებზე. ცარიელი ჩანთის წონა ბავშვის წონასთან შეფარდებით უნდა იყოს 1:10. იკრძალება 1 კილოგრამზე მეტი წონის სასკოლო ჩანთით სარგებლობა. დაწყებითი კლასის მოსწავლის ჩანთის წონა არ უნდა აღემატებოდეს 700 გრამს, ხოლო დანარჩენი კლასების 1 კილოგრამს. ამასთან თითოეული წიგნი კლასის გათვალისწინებით უნდა იწონიდეს 300-700 გრამს, მაგ:
 1-4 კლასში - 300 გრამს;
 5-6 კლასში - 400 გრამს;
 7-9 კლასში - 500 გრამს;
 10-12 კლასში - 700 გრამს.
სასკოლო წიგნების სიმძიმეს სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვანაირად აგვარებს, მაგ:
ავსტიამ, 1996 წელს მიიღო გადაწყვეტილება სასკოლო კომპლექტის წონის შეზღუდვის შესახებ და დაადგინა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებიანი ჩანთის წონა უნდა აღემატებოდეს მოსწავლის წონის 10%-ს.
ტაივანში სასკოლო წიგნების ნაცვლად შეიქმნა 10 დუიმიანი, კილოგრამზე ნაკლები წონის პლანშეტი.

მალაიზია რამდენიმე წლის წინ გამოვიდა ინიციატივით და მიმართა კომპიუტერულ კომპანიებს, რათა მათ შეექმნათ იაფი, ძალიან მცირე წონიანი კომპიუტერები, რომელთა ღირებულება არ აღემატებოდა 50 დოლარს. მის გამოყენებას მოსწავლეები შეძლებდნენ პირველი კლასიდან დამამთავრებელი კლასის ჩათვლით. საჭირო დისკის ჩატვირთვისას მოსწავლე კომპიუტერში შეძლებდა ესწავლა ნებისმიერი საგანი.

ამერიკაში დიდი ხანია იპოვეს გამოსავალი ორმაგი სასკოლო კომპლექტის სახით. თითოეულ სკოლაში არსებობს მოსწავლეთა პირადი სათავსოები, სადაც მათ შეუძლიათ შეინახონ ყველა არასაჭირო სახელმძღვანელო ან ნივთი. საკმაოდ პრაქტიკულია - ერთი კომპლექტი სახლში და ერთი სკოლაში.

ევროპის სკოლებში მოსწავლეებს ყოველდღიურად ურიგდებათ დაქსეროქსებული გაკვეთილები, რომლებსაც სახლში მისვლისას აკრავენ სპეციალურ საქაღალდეში.
აღმოსავლეთის ქვეყნებში უკვე იყიდება ბრონირებული სასკოლო ჩანთები, რომლებიც იცავენ მოსწავლეებს ტყვიისგან, ხოლო იაპონიაში სასკოლო ჩანთები აღჭურვილია GPS-ით, რათა მშობელი მუდმივად იყოს ინფორმირებული შვილის გადაადგილების შესახებ.

საქართველოში სამწუხაროდ ყველაფერი სხვაგვარადაა, რაც მძიმედ აისახება მოსწავლეების ჯანმრთელობაზე არა მარტო ეხლა, არამედ ზრდასრულ ასაკშიც. ხშირად მშობლები ვერც კი ამჩნევენ, არ აქცევენ სათანადო ყურადღებას, არ იციან ან ფინანსების არ ქონის გამო, უბრალოდ ვერ უზრუნველყოფენ სათანადო მკურნალობას: ტანადობის დარღვევის, სქოლიოზის და სხვა დაავადებების დროს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მომავალი თაობის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გამოვთქვავთ შეშფოთებას და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით ვითხოვთ: საქართველოს პრეზიდენტისგან, პრემიერ მინისტრისგან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან, რომ მათი კოპეტენციის ფარგლებში:

 სასკოლო წიგნების დადგენილ სტანდარტში შეტანილ იქნეს ცვლილება. თითოეული სახელმძღვანელოს და მთლიანი კომპლექტის წონა განისაზღვროს კლასების მიხედვით მოსწავლეთა წონის გათვალისწინებით.
 სწავლებიდან ამოღებულ იქნეს ყველა სასკოლო სახელმძღვანელოს კომპლექტი, რომელთა წონა აღემატება მოსწავლის წონის 10%-ს;
 სახელმძღვანელოები გაიყოს 2-3-4 ნაწილად და თითოეულის გვერდების რაოდენობა არ აღემატებოდეს 100-ს;
 I - IV კლასის მოსწავლეებს სასწავლო წლის დასაწყისში თითოს ნაცვლად დაურიგდეთ წიგნების 2 კომპლექტი და მათთვის გამოიყოს სასკოლო ნივთების შემნახველი კარადები.
 ზუსტად განისაზღვროს სასკოლო ჩანთის სახეობა და წონა.

ჩვენ ხელის მომწერნი სრულად ვიზიარებთ პეტიციის შინაარსა და მოთხოვნებს.

პეტიციის ავტორი / მოამზადა: შორენა ლობჟანიძე

GoPetition respects your privacy.

The პეტიცია! მძიმე სასკოლო სახელმძღვანელო და ჩანთა ვნებს ბავშვის ჯანმრთელობას! petition to პეტიცია was written by Anonymous and is in the category Education at GoPetition.